English / ქართული / русский /
ლეილა მამულაშვილი მაკა სოსანიძე
მაკროეკონომიკური პოლიტიკა - სახელმწიფოს ეკონომიკური ქცევის მნიშვნელოვანი ორიენტირი

ანოტაცია

ნაშრომში მოცემულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა და მასზე მოქმედი  ფაქტორები. ასევე განხილულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრობლემები საქართველოს მაგალითზე. მოცემულია ის კონკრეტული  მონეტარული, ფისკალური და ეკონომიკურ ნაბიჯები, რომლებიც  უნდა გადადგას ხელისუფლებამ ეკონომიკის სტაბილიზაციის და ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

აკვანძო სიტყვები: პოლიტიკა, დასაქმება, ინფლაცია, ეკონომიკა, სტრატეგია

მოქნილი მაკროეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რაც იმაში, მდგომარეობს,  რომ იგი ეხება საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს,  მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან ნათლად ჩანს    თუ სად და როგორ უნდა იქნეს მიმართული ფულადი სახსრები. ადამიანთა კეთილდღეობის ასამაღლებლად მაკროეკონომიკური პოლიტიკა არის სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური მიზნების განხორციელების სტრატეგიული და ტაქტიკური გზების ერთობლიობა. სწორედ მაკროეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს სახელმწიფოს ეკონომიკური ქცევის თავისებურებებს და მასზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

მაკროეკონომიკური პოლიტიკა არის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური ქცევების გაკონტროლების და მათზე ზემოქმედების მიზნით, ეკონომიკის სფეროში გატარებულ ღონისძიებათა, ქმედებათა სისტემა და სახელმწიფოს მიზნებიდან, ამოცანებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ეკონომიკური პროცესებისათვის განსაზღვრული მიმართულებების მიცემა. ზოგადად მაკროეკონომიკა სწავლობს პოლიტიკაში ეკონომიკურ ქცევებს, რომლებიც ზემოქმედებს მოხმარებისა და ინვესტიციების მოცულობაზე, სავალუტო კურსსა და სავაჭრო ბალანსზე, აგრეთვე ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლია განსაზღვროს ფასებისა და ხელფასების ცვლილება, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, ნაღდი ფულის მასის მოცულობა, სახელმწიფო ბიუჯეტი, პროცენტის განკვეთის ცვლილება  და სახელმწიფო ვალი.

ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება საკმაოდ რთული პროცესია. მისი პირველი ნაბიჯი ეკონომიკური მიზნების ზუსტი განსაზღვრაა, რომლის შემდეგაც განისაზღვრება მიზნების განხორციელების ალტერნატიული პროგრამები და მათი შესაძლო შედეგები, აგრეთვე, წარსულში ანალოგიური პროგრამების განხორციელების ეფექტიანობა როგორც ერთ რომელიმე ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში მიზეზშედეგობრივი კავშირებით.  უმთავრეს ეკონომიკურ მიზნებად მიჩნეულია:

•    სრული დასაქმება;

•    ეკონომიკური ზრდა;

•    ეკონომიკური ეფექტიანობა;

•    შემოსავლების სამართლიანი განაწილება;

•    ფასების სტაბილური დონე;

•    ეკონომიკური თავისუფლება;

•    ეკონომიკური უზრუნველყოფა;

•    სავაჭრო ბალანსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური მიზნები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდნეს ერთმანეთს. ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების მთავარი სიძნელე კი სწორედ ამ წინააღმდეგობების დაძლევაა.  მაკროეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს ეკონომიკის მართვის ორ ძირითად ბერკეტს: ფისკალურ (საფინანსო-საბიუჯეტო) და მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას. ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკის სტაბილურობის მთავარი  ინსტრუმენტია.  ქვეყნის არასწორმა ფისკალურმა პოლიტიკამ შეიძლება ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაში სერიოზული ნეგატიური შედეგები  გამოიწვიოს.

მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაზე, გარდა ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტებისა, რომლებსაც წმინდა ეკონომიკური ხასიათი აქვს, მოქმედებს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ,,არაეკონომიკური ფაქტორები”, რომელთა გათვალისწინებაც პრაქტიკულად აუცილებელია.  არაეკონომიკური ფაქტორები შეიძლება განვიხილოთ მრავალი სახით:

- სახელმწიფოს ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი; 

- სოციალ-ეკონომიკური განვითარების არჩეული მოდელის ხასიათი ;

- საზოგადოების საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების დონე და ინსტიტუციური სტრუქტურა; 

- სახელმწიფოს მიერ დაგროვილი გამოცდილება;

- ერის მენტალიტეტი და ტრადიციები; 

- საზოგადოების ეკოლოგიისადმი დამოკიდებულება; 

- კრიმინალური მდგომარეობა და ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე;

- დამოკიდებულება ინოვაციებისადმი;

- დემოგრაფიული და ინდივიდუალური მახასიათებლები; 

- სასამართლო სისტემის მდგომარეობა და ა.შ.

ამრიგად, უამრავი არაეკონომიკური ფაქტორი არსებობს, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების დროს. საბაზრო ეკონომიკა განიცდის  ძლიერ ზეგავლენას  და მათი გაუთვალისწინებლობით ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს.  მაკრეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება არ დაიყვანება მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ პრობლემამდე. იგი თავის თავში მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ პრობლემათა ერთობლიობას.

ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ეკონომიკური სისტემები მარცხს განიცდის,  რაც მათი ობიექტური  სისტემიდან გადახრით და შეუთავსებლობით არის გამოწვეული.

გამოიყოფა მაკროეკონომიკური  პოლიტიკის  სამი ძირითადი პრობლემა:

1. უმუშევრობის მაღალი და მდგრადი დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;

2. ინფლაციური პროცესები;

3. გამოშვების მოცულობის ზრდის ტემპები.

აღსანიშნავია, რომ მაკროეკონომიკა მრავალ სხვა პრობლემას სწავლობს, თუმცა ძირითადი მაინც ზემოთ დასახელებული სამი პრობლემაა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შედეგად საქართველოში მკვეთრად შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა და უმუშევრობამ   მასიური ხასიათი მიიღო. საქართველოში შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა განვითარებული. დღემდე არ არსებობს დასაქმების სახელმწიფო რეგულირების სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. არ ხორციელდება უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამები. არ არსებობს დასაქმების სახელმწიფო სამსახური;  არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სოციალური რისკის მქონე ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმი. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უმუშევართა შორის დიდ წილი უკავია ახალგაზრდობას, რაც კიდევ უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

რაც შეეხება ინფლაციას და ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს ეკონომიკაში შემდეგი მდგომარეობა გვაქვს: 2017  წლის მარტის მონაცემებით  რეალური მთლიანი  შიდა  პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა. 2017 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები  პირობითად შეიძლება დავყოთ  გარე და შიდა ფაქტორებად.  გარე ფაქტორებია - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა (ბარელი ნავთობის ფასი 115 აშშ  დოლარიდან დაახლოებით 47-50 აშშ დოლარამდე დაეცა და, სავარაუდოდ, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში აღნიშნული ტენდენცია გრძელდება). ირანისათვის სანქციების მოხსნის ამოქმედების შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ ნავთობის ბაზარზე მიწოდების თანმიმდევრულ ზრდას და ფასის დამატებით 10%-იან კლებას; რუსული რუბლის დევალვაცია დაახლოებით 65%-ით, უკრაინული გრივნასი - 67%-ით, ყაზახური ტენგეს - 49%-ით, თურქული ლირას - 35%-ით, ევროს - 13%-ით და ა.შ. და მათი გავლენა ჩვენს სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსზე; განვითარებად ეკონომიკებში ინვესტიციების მკვეთრი არათუ კლების და არამედ ქვეყნიდან გადინების ტენდენცია; აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება განაკვეთის გაზრდის თაობაზე, რაც დოლარის კურსის შემდგომი გამყარებისკენ იქნება მიმართული და ა.შ.

შიდა ფაქტორებია - "სოციალურად ორიენტირებული" ეკონომიკური პოლიტიკა;  პრივატიზაციის დაბალი ტემპი და შესაბამისად შემოსავლების შემცირება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობა; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება, რაც განპირობებულია  არა ტურისტთა რაოდენობის კლებით, არამედ შემოსული ტურისტების მიერ მათ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო საქართველოში დახარჯული  თანხის  შემცირებით; ინფრასტრუქტურული პროექტების არასაკმარისი მოცულობა, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებებით შემოსული თანხების მოცულობის კლება და ა.შ. დღეისათვის  მაკროეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე მნიშვნელოვანწილად ამოწურულია, ლარმა თავის თავზე მიიღო  დარტყმა და ლარის ინდექსი მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ შემდგომი დევალვაციისთვის ამ ეტაპზე  მაკროეკონომიკური საფუძვლები აღარ არსებობს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ, ეკონომიკის სტაბილიზაციის და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. დადებითი შედეგების მომტანია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის თაობაზე, რაც მიმართულია ფულის გაძვირებისა და ინფლაციური მოლოდინების და რისკების შემცირებისაკენ. ასევე მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება სავალუტო ინტერვენციების აღდგენის და, საჭიროების შემთხვევაში, სავალუტო აუქციონზე რეზერვების გაყიდვის შესახებ.

ასეთ ქმედით ღონისძიებებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა და განვითარება. აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რისთვისაც ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული მის ხელთ არსებული სხვა მონეტარული ინსტრუმენტები ღია ბაზარზე ოპერაციების ჩათვლით.

აუცილებელია განხორციელდეს ღონისძიებები პოლიტიკის შერბილების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომავალშიც უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის არაინფლაციური ხარჯვა. საჭიროა, სახელმწიფომ გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებს ყოველდღიურად ადევნოს თვალი, რადგან დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსური ბაზარი კვლავაც საკმაოდ რყევადია და თუ არა სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა, შეუძლებელი გახდება მიმდინარე პროცესების შესწავლა, გაანალიზება,  დასკვნების გამოტანა და საკუთარი სტრატეგიისა  და ტაქტიკის რეგულირება. საქართველოს ეკონომიკის განვითარება მეტწილად დაფუძნებული უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და დანაზოგების სტიმულირებაზე;  უნდა დაიცვას ადგილობრივი ბაზარი უხარისხო საქონლისა და დემპინგური ფასებისაგან.

წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მაკროეკონომიკური პოლიტიკის სფეროში საქმიანობები უნდა წარმართოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში, შემდეგი მიმართულებებით:

- საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ცვლილებები შრომის კოდექსში, შემოიღოს კონკურენციის შესახებ რეალური კანონმდებლობა და რეგულირების მექანიზმები, უზრუნველყოს სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების მექანიზმების დანერგვა.

- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ განახორციელოს იმპორტისა და შიდა სავალუტო ბაზრის სისტემური ანალიზი;

- მონეტარული პოლიტიკის ძირითად ორიენტირად გახადოს საბანკო სისტემის სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა;

- პრიორიტეტული გახადოს სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური აგრარული ფონდი, რომელიც მოემსახურება სასოფლო-სამეურნეო სექტორს;

- მაღალლიკვიდური და ინვესტორებისათვის მიმზიდველი აქციების საფონდო ბირჟაზე გამოტანით უზრუნველყოს მოთხოვნისა და გარიგებათა რაოდენობის გაზრდა;

- შემუშავდეს საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგენის ქმედითი მექანიზმი, რომელიც საზოგადოების პრობლემების იდენტიფიცირებაზე იქნება ორიენტირებული;

- ბიუჯეტი ყოველწლიურად  გამოქვეყნდეს გამარტივებული ფორმატით და მოხდეს მისი საჯარო განხილვა;

- მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზება;

- შემუშავდეს საბიუჯეტო ფონდების ფორმირებისა და განკარგვის როგორც ქმედითი, ასევე გამჭვირვალე მექანიზმები;  

ზემოაღნიშნული გარემოებების, მიმდინარე და შემდგომში მოსალოდნელი პროცესების გათვალისწინებით საჭიროა შემუშავდეს ეკონომიკური მოვლენების განვითარების სხვადასხვა სახის მოსალოდნელი სცენარი და თითოეული მათგანისათვის გაკეთდეს სათანადო მოდელირებები და  დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები და ნაბიჯები.

გამოყენებული ლიტერატურა

1.   ლ. ბერიძე, მ. ჭიპაშვილი, დ. მუჯირიშვილი, ლ. ტატუნაშვილი, 2008. მაკროეკონომიკა.

       სასწავლო პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი,  „უნივერსალი“.

2.   ო. ბლანშარი, 2010. მაკროეკონომიკა მეხუთე გამოცემა. თბილისი, უნივერსიტეტის

      გამომცემლობა 

3.   მ. ნაცვალაძე, თ. ათანელიშვილი, 2012. მაკროეკონომიკის პრინციპები, აქტიური 

      სწავლება,  თბილისი,  „უნივერსალი“.

 ინტერნეტრესურსები:

http://www.geostat.ge/?action=news_archive&lang=geo

http://evaluation.org.ge/nedproject/fields/macroeconomics.html

https://bpn.ge/ekonomika/16224-levan-qistauri-makroekonomikuri-faqtorebisa-da-shokebis-zemoqmedeba-saqarthvelos-ekonomikasa-da-laris-kursze-mnishvnelovantsilad-amotsurulia.html?lang=ka-GE

http://nikolozostapenko.yolasite.com/

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0ekonomik--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=ekonomik&cl=CL4.1&d=HASH01327124d82fcbd27ef5b151.18